Wednesday, July 29, 2009

სტალინი – მუზეუმში!

დღეს ცხოველი მონაწილეობა მოვიღე ერთი ტექსტის შექმნაში, რომლის მიზანიცაა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ სტალინის ძეგლი გასატანია გორის ცენტრიდან ანუ საქართველოს გეოგრაფიული შუაგულიდან. აი, ეს ტექსტიც:

შეხსენება და მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ახლოვდება ერთი წლისთავი იმ დღიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ საქართველოს.

ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო.

გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი – ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება – მუზეუმში.

გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება.

თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში – ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინაღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას.

გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი.
მოვიფიქრეთ სლოგანიც: "სტალინი – მუზეუმში!"
მედიაში ცოცხალ–მკვდარინ სეზონია. იდეის პრომოცია ცოტა გაჭირდება. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.

Tuesday, July 28, 2009

როგორ "ვხდებოდი" ომბუდსმენი

28 ივლისი დაიწყო ასე:

შხაპისა და წვერის პარსვის დროს ყოველთვის ვუსმენ რადიოს. რადიო "თავისუფლების" დილის პროგრამის დასრულების შემდეგ (რომლის მეორე ნახევარსაც ზოგჯერ თითქმის ნულოვანი ინფორმაციული ღირებულება აქვს), ზუსტად 10–ზე, ოდნავ მარცხნივ ვაცოცებ სიხშირის მოდულაციის კურსორს და ვუსმენ "ფორტუნას" საინფორმაციო გამოშვებას. რადიო ფორტუნა – ყველგან, სადაც საქართველოა – აცხადებს, რომ ხელისუფლების კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე არის დავით პაიჭაძე. ინფორმაციის წყაროს არ ასახელებენ.

ძალიან მალე მირეკავს ორი მეგობარი და იგებს, რომ ზუსტად იმდენი ვიცი ამ ამბის შესახებ, რამდენიც მათ.

მოგვიანებით ვნახულობ გაზეთ "რეზონანსს", რომლის მეორე გვერდი სანახევროდ უკავია წერილს სათაურით, რომ "ხელისუფლება სოზარ სუბარის შემცვლელად დავით პაიჭაძეს ამზადებს" (თან კაი მსუყე შავი შრიფტით). სტატიის ავტორი – რუსიკო მაჩაიძე – ლაპარაკობს სხვა კანდიდატებზეც. ყველა მათგანს კონკრეტული პირი ასახელებს, დავით პაიჭაძეს – კაცი ვერ გაიგებს, ვინ: რაღაც, უპიროვნო ხელისუფლება.

მართლა ვერ ვხვდები, თუ ჟურნალისტს ასეთი რამ უთხრეს თუნდაც წინადღეს, რატომ არ დამირეკა? სამაგიეროდ, ეგრევე მირეკავს რუსთავი–2, მწერს 11 საათსა და 50 წუთზე და 12–საათიან კურიერში უკვე გადის ჩემი კომენტარი, რომ ინფორმაცია, თითქოსდა ხელისუფლება ჩემს კანდიდატურას განიხილავდეს სახალხო დამცველის პოსტზე – არის მხოლოდ და მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ისიც წყაროს მიუთითებლად. ამაზე კომენტარის გაკეთება ნიშნავს გაზეთის შესახებ კომენტარის გაკეთებას.

ამის შემდეგ კიდევე ერთი ზარია – ინტერნეტ ტელევიზიიდან. მათაც ვეუბნები, რომ არავითარი საფუძველი ინფორმაციას არ აქვს და ჩემთან მოსვლა კომენტარის ჩასაწერად არ ღირს დროდ, რომელიც მოსვლაში დაეხარჯებათ. "თუ ვინმე ხელისუფლებაში დაგიდასტურებთ ამ ამბავს, მაშინ მობრძანდით". მიჯერებენ. და არავინ არ მოდის.

მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია თავის სისულელეში. "რეზონანსს" შეეძლო ერთი ზარი გამოეშვა წინადღეს, სამაგიეროდ, მეორე დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ვეღარ გაავრცელებდა ტყუილს. ლაშას (ტუღუშს) – გაზეთის მთავარ რედატორს – მგონია, რომ ეს არ ენაღვლება.

დღე გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდა: მონაწილეობა მივიღე სერიალის "შუა ქალაქში" შესახებ გამართულ მსჯელობაში, მერე წავიყვანე პიკის საათი გია ნოდიასთან (მომეჩვენა, რომ ცოცხალი გადაცემა გამოგვივიდა), გადაცემის შემდეგ ჩემს ყოფილ სტუდენტს, ნიკა ესებუას (once again მადლობას მას) გამოვართვი სამი ფილმი და მათგან ერთს – რამდენი ღირხარ?–ს ვუყურე საღამოს.

ხელისუფლებას კი კარგად ვიცნობ საიმისოდ, რომ დარწმუნებული ვიყო: თუ რამის შეთავაზება მართლა უნდათ, რადიოსა და გაზეთის მეშვეობით არ შეგატყობინებენ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი სახელი "იხვად" გამოიყენეს მედიის მანიპულირებისათვის. წყარო ხომ არ დაარიგებს ჟურნალისტს (თან ისეთს, 10 წელიწადზე მეტი რომაა ამ საქმეში), წადი და რასაც გეუბნები, სხვასთანაც შეამოწმეო?

Monday, July 27, 2009

როგორ შეიქმნა ბლოგი

ჩემი პირველი ნახევარი ემზადება საგზაო მოძრაობის წესებში გამოცდის ჩასაბარებლად. უზის კომპიუტერს და ამუშავებს საკითხებს. ამ დროს ურეკავს ჩემივე Facebook-ელი მეგობარი, რომელიც ამას წინათ გავაცანი რეალურ ცხოვრებაში. გვანცა ჯდება ტელეფონთან და ეტყობა, რომ ვრცლად ილაპარაკებს. მე ვსარგებლობ ამით, ვიკავებ ადგილს კომპიუტერთან და ვქმნი ბლოგს.

ბლოგის დასახელებასა და მისამართში გამჭვირვალედ კოდირებულია ჩემი პროფესიული ნოსტალგია კლასიკური ფილოლოგიისადმი.

თუ ჩათვლით, რომ ბ–ლოგოსზე რაიმე ღირებული აიტვირთება – შემოიარეთ ხოლმე.