Wednesday, October 28, 2009

ღია წერილი ეკატერინე ონიანს – ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით

ნამცხვრის ამბავი ჩვენში ასეთია: მისი სიტკბო თავისთავად ნაგულისხმევი რამ არის და ამიტომ არავინ გეტყვის, ნამცხვარი ვჭამე და ტკბილი იყო ან ტკბილი არ იყოო. ნამცხვრის გემოზე ლაპარაკი იწყება მას შემდეგ, რაც სიტკბოებაზე უსიტყვოდ შეთანხმდებით. იწყება, მაგრამ შორს არ მიდის.

აბაშიძეზე, Belle de Jour-ის მენიუში წერილ არს: ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით. ისევე, როგორც ლიტერატურაში, მგონი, ყველაზე ტევადი სათაურია „ლედი ჩატერლის საყვარელი“ (სამივე პერსონაჟს მიანიშნებს) – „ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით“ ქართულ საკონდიტრო ონომასტიკონში ამომწურავი სახელდებაა, რომელსაც განმარტება აღარ ჭირდება.

მინიმალიზმი ნამცხვარში სარისკოა – მცირე შანსია, გემო უვარგოდეს. ქართველმა ერმა გაჭირვების ჟამს გამოგონილ და ხორცშესხმულ კონდიტერულ რეცეპტს გაჭირვების სახელი უწოდა – „სიგუას ნამცხვარი“ 90–ანების დასაწყისში, ხოლო თავად პრემიერ–მინისტრს – შაქრო ხორბალაძე: ორი ელემენტარული ინგრედიენტი, ურომლისოდაც ნამცხვარი არ გამოცხვება.

Belle de Jour რისკავს, როცა კონდიტერიაში მინიმალიზმს ირჩევს. თბილისში არც ისე ბევრია რესტორანი, რომელიც ნამცხვარს კონკრეტულ კლიენტს უმზადებს – შენ თუ არ მოითხოვე, ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით გამზადებული არ უძევთ.

ამ ნამცხვარზე ფიქრის დროს იოლად გამოჰყოფ მისი მომზადების ორ ფაზას – სინთეზსა და ეკლექტიკას. კონდიტერის ოინი ისაა, რომ, მირთმევისას, რაც სინთეზს ეკუთვნის – იმას აანალიზებ და იმავდროულად ახორციელებ ეკლექტურ ელემენტთა სინთეზს.

შენს წინაშეა ძველი ოპოზიციები: თეთრი და შავი (აქ: მუქი ყავისფერი). ცივი და ცხელი. ტკბილი და მწარე, სითხე და მყარი... კი, სტრუქტურალიზმი მოძველდა, მაგრამ ფრანგული აქცენტის მქონე ქართული კონდიტერია მას ჯერ კიდევ იყენებს მეთოდად. თუნდაც ერთ ცალკე აღებულ restaurant convivial–ში.

თბილისში არც ისე დიდი ხანია, მიხვდნენ, რომ ტრადიციული ნამცხვარი – დაძველდა. ოცი და მეტი წლის წინათ საუკეთესო ნამცხვრები მხოლოდ სახლში ცხვებოდა. ნამცხვარს ყიდულობდნენ, მაგრამ ნაყიდი ნამცხვარი ვერ აღემატებოდა შინნამზადს. საბჭოთა საქართველოში მასობრივი წარმოების არც ერთი პროდუქტი არ ვარგოდა და არც ნამცხვარი იყო გამონაკლისი. ამიტომაც იქცა, ვთქვათ, ტორტის შინ ცხობა ბიზნესად ჯერ კიდევ იმ დროს. ვინ არ იცის ამ, ჩვენი საზომებით, უძველესი ბიზნესის თუნდაც ერთი რჩეული წერტილი დღეის თბილისში? თუმცა, აქ ბარემ გავიხსენოთ, რა ერქვა ვაკეში ადგილს, სადაც, მიღებული აზრით, საუკეთესო ნამცხვართა შეძენა შეიძლებოდა: ფრანცია.

სიტყვა გამექცა. ტრადიციული ნამცხვარი – მომეტებულად ტკბილია. ამ სიტკბოს შეიძლება შეუწყვილდეს თვისებები, რომლებიც მას ოპოზიციას კი არ უქმნიან, არამედ ავსებენ. ტკბილი და ფუმფულა, ტკბილი და მსუყე, ტკბილი და მძიმე, ტკბილი და ჰაეროვანი, ტკბილი და ხრაშუნა, მაგრამ აუცილებლად ტკბილის პრიმატით. ახალ საქართველოში შეებრძოლენ ამ ტრადიციას, არ დაანებეს მას ინერციად ქცევა და საჯარო სივრცეში გამოტანილ ნამცხვრებს ბევრგან მოაკლეს სიტკბო. ოღონდ - ხარისხის დაუკლებლად.

სიტკბოს მოკლებამ გაამახვილა გემოვნება, გაამძაფრა რეცეპტორთა მოლოდინი, გააღვივა ინტერესი გემოთა ისეთი ალიანსებისადმი, სადაც ლიდერი არ არის და პირის პატივის მოსაპოვებლად ერთმანეთს ტოლძალოვანი გემოები ექიშპებიან. უკანდახეულმა სიტკბომ გამოათავისუფლა ველი გუსტუალური მრავალფეროვნებისათვის. გაკვრით გავიხსენებ რთულ ნაკეთობებს: მათში ახალი ოპოზიციები ჩნდება; მაგალითად, Cherry-ის „ოპიუმში“ ერთიმეორეს ებრძვის ლამის ზღვრული სიტკბოება და მწვანე ლიმონის მკაცრი სიმჟავე, ერთად რომ შეყუჟულან ბუმბულსავით ცომში; რომელიმე „ესკიმოში“ გაგაკვირვებს ნაჭრის სიმაღლე და მყარი კონსტრუქციის სიმსუბუქე, რომელსაც, ერთი შეხედვით კონვენციურ კრემად შენიღბული სუფლე ქმნის – ეგ დუღაბი მთელი ნამცხვრის.

მაგრამ მოვიდეთ პირველსავე სიტყვასთან - Belle de Jour-ის „ცხელი შოკოლადის ნამცხვართან ნაყინით“. თეფშზე დევს არცთუ დახვეწილი ცილინდრული ფორმის მომცრო ნაჭერი, რომელიც ბავშვობაში გაკეთებულ ქვიშის ”პასკას” გაგახსენებს; მხოლოდ ფორმით, რადგან ნატამალი არ გააჩნია ფხვიერებისა, რაც აქ ღირსებაა. ის ახლადგამომცხვარია, თბილია და თავზე შოკოლადი ასხია, რომლის მსხვილ ძაფებად განწვალული კვალი მიგიძღვის თეფშის წირთან მოსაზღვრე ნაყინის ორ ბურთულამდე. ბურთულები ერთურთს დაშორებიან. ყველაფერი პროგნოზირებადია: მირთმევისას ეს მყიფე ჰარმონია მალე მოიშლება, კვალი ატალახდება, ცხელი და მუქი ყავისფერი შეერევა მზრალ სისპეტაკეს და ზედაპირს ყოვლად ბანალური კოფესმალაკომ ფერით მოთხუპნის.

მაგრამ გზად თვალს ელის სიხარულიც.

ნამცხვარს, რა თქმა უნდა, არ გაჭრი შუაზე და ფერდიდან ჩამოაკვეთ პირველ, თხელ ლუკმას. ეგებ, მეორესაც. ადრე თუ გვიან, მაინც მიხვალ შუაგულამდე. თუ ამას გააკეთებ ზემოდან, დაინახავ, როგორ ამოსკდება ცხელი და სქელი შოკოლადის პატარა მადანი. მინიმალიზმი და მოჩვენებითი პრიმიტივიზმი აქ კვდება: გამომცხვარ გარსში ღერძად სითხეა, მყარი უჭირავს ბლანტს, მძიმეს კრავს და ამაგრებს მსუბუქი. ნამცხვარში გაჭრილა პაწაწინა კალაპოტი მგრძნობიარე ფსკერით და ის აუვსია შოკოლადს. ახალი, ცხელი შოკოლადი არის სიცოცხლის წყარო ჩვეულებრივი, დონდლო ნამცხვრისა და შორიახლოს მიწოლილი ნაყინის ვითომ უკარება ბურთულებისთვის. შენ ზრუნავ, წვეთიც არ დაკარგო ამ უჩვეულო საბადოდან და გართობს სამი ინგრედიენტის კომბინაციის ექვსივე თანმიმდევრობით კეთება: შოკოლადი, ბისკვიტი, ნაყინი; ნაყინი, ბისკვიტი, შოკოლადი; შოკოლადი, ნაყინი, ბისკვიტი... მომწარო შოკოლადი ხვდება ტკბილ ნაყინს, თეთრი ნაყინი ევლება browny-ის, ბისკვიტი იჟღინთება ტკბილი მხურვალებით და ივანებს, გრილდება ნაყინთან, რომელიც ასევე მოლბა და მორბილდა - ოღონდ თვითონ, სხვათა ჩაურევლად. მალე ამჩნევ, რომ ვეღარ ელაპარაკები იმას, ვისთან ერთადაც შეხვედი Belle de Jour-ში, რადგან ყოველი წამი უნდა იხელთო. შენი კოვზი თეფშიდან გადაჩეხვის ზღვარზე აქეთ-იქით აწყდება, ცდილობს, თავი მოუყაროს ოდესღაც მარტივი კომპოზიციის თან დარღვეულ, თან შენივთულ ერთეულებს, ხოლო თავად შენ - განსხვავებული გზებით ჰხვალ ერთსა და იმავე სიამოვნებამდე, რომელსაც გემოს შეგრძნება იწვევს.

...გასაკვირია: შეხედავ „ცხელი შოკოლადის ნამცხვარს ნაყინით“ და იცი, რომ არ გეყოფა. მიირთმევ დ აღმოაჩენ - სავსებით საკმარისი ყოფილა. ფრანგი მასპინძლები - გინდ სახლში, გინდ რესტორანში - გიჩენენ ასეთ განცდას: მორთმეული თვალში გეპატარავება, მირთმეული კი გახსენებს მთავარ ძველევროპულ დევიზს - Μηδέν άγαν – Ne quid nimis - არაფერი ზედმეტი.

ღია წერილი ნინია კაკაბაძეს (ივლისი, 2009)

ვიცი, რომ ეს ჟანრი – ღია წერილების – ჯერ კიდევ ადრეულ 90–ანებში მოკვდა. მაგრამ მისი შეღვიძება მაინც საჭიროდ მივიჩნიე.

ცდება ის, ვინც ახლა მოელის, რომ შენ მწვავე საზოგადო საკითხებზე უნდა გელაპარაკო. არა.

რამდენიმე დღის წინ დიეტებზე ნახევრად სალაღობო დისკუსიის დროს დავწერე, რომ ჩვენში მოხდა ხინკლის დესაკრალიზაცია და სტანდარტიზაცია. იტყვით ადგილს თბილისში, სადაც იგავმიუწვდომელი ხინკალი იჭმეოდეს? – ვიკითხე მაშინ და შენ პასუხად მომიპოსტე: კი, დათო, მშრალ ხიდთან, ზახარ ზახარიჩში იჭმევა იგავმიუწვდომელი ხინკალი. მე გწერ ზახარ ზახარიჩის ხინკალზე.

მოგეხსენებათ, ჩამოყალიბდა სტანდარტული თბილისური ხინკლის სტერეოტიპი: მას დაჰკრავს მკრთალი კვამლის ფერი, გარსი თხელია. დახედავ ასეთ ხინკალს და ზომას მოუწონებ – იტყვი, რომ ნორმალურია, დიდია, კარგი ზომისაა. როგორც წესი, შიგნით წვნიანია და სჯობს დებიუტანტი მჭამელი გააფრთხილო, რომ ხელში, ხინკლის სახით, ხელისგულისოდენა სითხიანი ჯამი უჭირავს. გემო – სწორედ ისაა, რაც ასეთი ხინკლის სტანდარტულობას განაპირობებს. ესაა გემო, რომელსაც მივეჩვიეთ. ამ ხინკალზე ენა არ მოგიბრუნდება თქვა, რომ ძალიან მაგარია და თან ვერც დაიწუნებ.

ზახარ ზახარიჩის ხინკალი მოყვითალოა. ყველა სხვა თბილისურ ხინკალზე პატარა და ოდნავ მკვრივი. არ ვიცი, რა იწვევს სიყვითლეს, მაგრამ მადას და სურვილს ეს არ მიანავლებს. ეგ არის, მისი სიმცირე ამძაფრებს ეჭვს მსუბუქად, რადგან ასეთ ხინკალს, ვერ გაიხსენებ, ბოლოს როდის შეხვდი. ხელში აიღებ და ეგრევე გრძნობ, რომ სიმკვრივე სქელი გარსის ბრალია. ცომი სქელია, თითქოს ცოტა ხაოიანიც კი. და უცებ ხვდები, რომ სწორედ ასეთ ხინკალთან შეგიძლია დაიწყო ურთიერთობა, რომელიც კანონიკურია ქართველთათვის: შეეხო მას ჩაწნეხილი ეროტიკით, კბენანარევი ამბორით. შეეხო და მიიღო მეყსეული პასუხი.

პატარა ხინკალი თითქმის სავსეა ხორცით. ხორცი მასში ვერ მოძრაობს, რადგან თითქოს ეჭიდება ხინკლის შიდა უწახნაგო კედლებს. არა, ის არ ლამობს გარსიდან გამოღწევას, რადგან გარსის ოდნავი შემკვრივება საკმარისია ხინკლის შიგნით როგორც ხორცის, ისე წვენის შესაკავებლად. დიახ, მოზრდილი ხინკალი შეიძლება უფრო წვნიანი იყოს, მწვანილი და წიწაკა ეგებ ჭარბად უკეთ ჰქონდეს, მაგრამ ამ ხინკლის თხელი კანი მოწყვლადია კბილთა შეუხებლადაც. დიდი ხინკლის შინაგანი სივრცე დატყვევებულ ხორცს თითქოს სითამამეს ჰმატებს, ისიც ეხეთქება ხოლმე ნატიფ ცომს და არც თუ იშვიათად გამოანგრევს მას. რასაც აუცილებლად მოჰყვება წყლების დაღვრა და დიდი ხინკალი შენს თვალწინ ცარიელდება – სრულად ან ნაწილობრივ. შენ გეგონა, რომ უპირატესობა ხელთ გეპყრა, ახლა კი ის – ხელზე გეწუწება.

მსგავსი არაფერი ხდება ზახარ ზახარიჩის ხინკლის ჭამისას. ხორცმა თავის ადგილი იცის, წვენმა – თავისი. შენ აკონტროლებ შიგთავსის თითოეულ მისხალს და ხინკალს მიირთმევ უდანაკარგოდ. დიახ, ის პატარაა, მაგრამ მთლიანად შენია. მთლიანად შენია მისი გემოც. პატარა ჭიპი აქვს, მაგრამ არც იმდენად, რომ ხელში ვერ დაიჭირო. მეტიც, თუ ხინკლის ჭამის უკვე ნახსენებ კანონიკურ ხერხს შევსებას მოუნდომებ, ხელს არ მოკიდებ და ჭიპში ჩანგალს გაუყრი – ხინკალი გარანტირებულად მთელი დარჩება. აქ ალბათობის კანონი არ მოქმედებს – რამდენიც უნდა შეუკვეთო, არც ერთი არ გასკდება. ხოლო პატარა ჭიპები უხერხულად არ შეავსებენ შენს თეფშს. შეავლებ ასეთ ხინკალს პირველ მზერას – და შენს წინაშე ტიპური მახინჯი იხვის ჭუკია. გედად ის იქცევა შენს პირის ღრუში.

შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მზად ვარ ზახარიჩის ხინკალს სხვა რიგის პოზიტიური ზემოქმედება მივაწერო. თვითონ განსაჯე: ჩვენთან შორიახლო ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალური წყვილი იჯდა. მამრი გამოირჩეოდა მკვეთრად ძალადობრივი დისკურსით, სიძულვილის ენით. ქალი მორჩილად, დაძაბულად და ყურადღებით უსმენდა. მამრი ლაპარაკობდა გაუთავებლად და განუწყვეტლივ. მისი სიტყვები შიგადაშიგ უსიამოდ მჭრიდა ყურს. და ძალიან გვიან აღვიქვი, რომ დადუმდა. ცერად გავხედე. წინ ედგა თეფში, მოფენილი ხინკლის ჭიპებით. ხომ შეიძლება, სწორედ ხინკლით სიმაძღრემ დააცხრო მისი რისხვა თუ გაღიზიანება და მოალბო იგი?

სხვა კერძებზეც შემეძლო მომეწერა: მწვადს ცოტა მშრალად წვავენ, მაგრამ ხორცი აქვთ კარგი. ნიგვზიან კუჭმაჭს მოგართმევენ არა ცივად, არამედ ნელთბილს და არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ ჩვეულებრივ მაგარი ღვიძლი მასში დარბილებულია. შენ გულუბრყვილოდ გგონია, რომ ეს ნიგოზმა და სანელებლებმა გააკეთეს. თითქოს ყოვლად ბანალური კიტრიპამიდორისსალათისაგან ლანგარზე აღარაფერი რჩება – ისე კეთილად შეუზავებიათ იგი. რისკავ და უკვეთავ კუბდარს. და შენთან მოდის სწორი კუბდარი – ცოტა მობრაწულ, თხელ, მაგრამ გამძლე, რბილად ხრაშუნა ცომს ამოფარებული ნაზად აკუწული ხორცი – და არავითარ შემთხვევაში ფარში. ხორცი არ ენანებათ – ის შიგნიდან წვდება კუბდარის ყუას. კარგი, ჰო: ნახევარი სანტიმეტრი აკლდება.

გმადლობთ, ნინია. შენი პოსტი რომ არა, ვინ იცის, როდის ვნახავდი ამ ყველაფერს.

Friday, August 21, 2009

"მეგრელები" ვაკე–საბურთალოზე


ეს ხალხი ადრე სხვაგან იყო: როცა რიყე რიყეს ჰგავდა და იქაურობა რესტორნებით მოეფინათ, მეგრელებსაც ეკავათ კუთვნილი ადგილი. ყველაზე მკვეთრი, რაც იმ დროიდან მახსოვს, ვიწრო წრეში ორი კარგი ადამიანის ქორწილია, რომელსაც კობა დავითაშვილი თამადობდა. შუა სუფრაზე მოვიდა იუსტიციის მინისტრი და მთელი თავის მასშტაბურობის მიუხედავად ხსოვნიდან დღემდე ვერ წაშალა მეგრელების მთავარი კერძი - სულგუნი.

კერძი არაა მთლად ზუსტი სიტყვა. კერძს მომზადება სჭირდება, რიყის მეგრელები კი მას შოულობდნენ. მაგრამ ერთიც უნდა ითქვას - ასეთ სულგუნს შოულობდნენ მხოლოდ რიყის მეგრელები. მგონია, რომ ამ სულგუნმა გამოატარა ისინი ბოლო ათწლეულში, გადაარჩინა ურბანიზაციის ტკივილებს.

ათი წლის წინათ, ყოფილა, მაშინ ჩემს დღევანდელთან შედარებით ახალი ცოლითურთ გვიან ღამით მივსულვარ რიყის მეგრელებში და რახან სამზარეულო ეკეტებოდათ, კიტრ-პამიდორსა და სულგუნს დავჯერებივარ თითო-ოროლა საინი ცივი კერძით. რით - აღარ მახსოვს. სულგუნი ფარავს მათაც.

ასე სქლად და დაუნანებლად სულგუნს სხვა არავინ ჭრიდა. ნაჭრები სხვადასხვა ზომისა იყო, თან აკლდათ გეომეტრიულ ფიგურათა სრულყოფილება, თეფშზე მათი განლაგების წესრიგსაც უცებ ვერ ჩასწვდებოდი, მაგრამ დამჭრელმაც, მიმრთმევმაც და მჭამელმაც იცოდნენ: მთავარი აქ სხვა რამე იყო - დაჭრილი სულგუნის თეთრი, რძისფერი წვენი. ის თითქოს სისხლად გასდიოდა ყველს. წვენი იყო ნაწილი უბრალოებისა, რომელსაც ქმნიდა იაფი თეფში, დაუდევრობა ჭრისას, სულგუნის მარტივი სილბო და უთანაბრო ნაჭრები.

მაინც მგონია, ეს უფრო თვალისთვის განკუთვნილი სვლა იყო. იმ რძისფერ წვენში არაფერს აწობდი, არც ხვრეპდი, რა გემო ჰქონდა, არ იცი. ის გაემიზნათ სიმსუყის განცდის აღსაძვრელად. ნამდვილი რძე ზედმეტი იქნებოდა იმ სულგუნისთვის. დეზერტირების ბაზარში, ადრე, სულგუნის გამყიდველთა მოკლე რიგში, მეგრელი მესულგუნე ქალები მსუბუქად გადაავლებდნენ ხოლმე ყველთა ზედაპირს მკრთალად შეფერილ წყალს. შედეგად სულგუნი მქრქალ ელვარებას იწყებდა, პრიალებდა, თვალს ახარებდა. და რა თქმა უნდა, სდიოდა შემღვრეული თეთრი ცრემლებიც.

მეგრელების სულგუნის გემოს უცებ ვერ გრძნობ. გემომდე, თუ ყველს წინა კბილებით მოწიწკნი, შენ გაიგებ მის ხმას. მოწიწკნი, რადგან სულგუნის მოკბეჩა არ გამოდის - ნაწილი მთელს ვერ თმობს, უცებ ვერ წყდება, გიძალიანდება და შენც, ბოლოს და ბოლოს, გადაჭრი, გადახერხავ ყველის უწვრილეს ძაფებს. სჯობს, ლუკმა პატარა იყოს. ნუნებთან, ყველზე კბილთა ძლიერი შეხებისას, გესმის ბგერა - რაღაც შუალედური ღრჭიალსა და კრაჭუნს შორის. მაესტროს მიერ სიმზე განზრახ უხეშად გასმული ხემი. რეცეპტორები შორს არიან, პირის ღრუს სიღრმეში, ჯერ არ მუშაობენ და შენ შეცდომით ფიქრობ, რომ სულგუნის ხმა - მისი გემოა. უმაღლესი რანგის კულინარული ირონია - ყურით კი არა, ჯერ პირით შეიგრძნო მუსიკა, რომლითაც სავსეა მეგრელების სულგუნი.

ხიზილალასთან შედარება აქ უზუსტოა. ხიზილალის მარცვლის მიყენება კბილთა უკანა კედელთან და ენის წვერით მისი განგმირვა უწინარესად გემოს განსაღვრელად მიმართული ქმედებაა. ამ ციცქნა ყუმბარის მსკდომობაში გემოს შემდეგ მთავარია შეხების განცდა. აკუსტიკური შემადგენელი თითქმის ნულს უტოლდება.

რიყიდან მოყოლებული, მეგრელებმა დღესაც შეინარჩუნეს ინფანტილურად მინიმალისტური ექსტერიერი, რომელიც არაფრით განსხვავდება ინტერიერისგან: საბჭოთა საბავშვო ბაღების ეზოში მდგარი, ოღონდ გადიდებული სათამაშო ხის სახლები ვაკე-საბურთალოს გზაზე კუპეობასა სწევენ. ჭურჭელი იაფია, სკამები მალე მოირყევა, თუ ცოტას დაუკვირდები, შეამჩნევ, რომ მიმტანს შეუძლია უფრო სუფთადაც ეცვას. მენიუ არსებობს, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან კერძების ნუსხა - მიმტანია თავად. ”ეს მენიუ გვაჩუქეს. ჩვენ ის გვაქვს, რასაც სულ ვაკეთებდით” - დავიჯერე, როცა ეს მითხრეს.

დათო წერედიანი წერს, როგორ ქმნის თუ აყალიბებს პერსონაჟებს ჯემალ ქარჩხაძე: მწერალი მათ შიგნიდან აგებსო. ასეა შემწვარი ღორის მწვადი მეგრელებში - თითქოს შიგნიდან; ალმური თანაბრად მისწვდომია ხორცს საიმისოდ, რომ მისი არც ერთი მისხალი შეუმწვარი ან დამწვარი არ იყოს. აქ ვერსად იგრძნობ სისხლის კვალს, რომელიც, შენი არ ვიცი და, ხორცში მე არ მესალბუნება. გარედან მწვადი მობრაწულ ტონებშია დაფერილი, ისე ჰარმონიულად, რომ ქონს, ხორცსა და იშვიათ ძვალს ფერთა მიხედვით ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ეს მწვადი ნაზია და ცოტა მძიმე - როგორც საქართველო.

განსხვავება დაწერილსა და ზეპირ მენიუს შორის რელევანტურია, მაგრამ არა მტკივნეული, რაკი თუ მეგრელებში მიდიხარ, შენ თანახმა ხარ, ეზიარო სწორედ დაუწერელ, ზეპირ, მოუხელთებელ დროში სათავეაღებულ ტრადიციას და გასინჯო, მაგალითად, ნიგვზიანი ხარჩო. მთავარი სტეროეტიპი, რომელიც ახლავს მეგრულ სამზარეულოს, აქ გიცოცხლდება სრული სისავსით: ცხელ ხარჩოში ხორცი - მესამეხარისხოვანია, რადგან აქ ერთმანეთს ორი გემო შებმია: პოტენციური შხამის ანუ თერმულად დამუშავებული ნიგვზის და წიწაკის, პილპილის, ერთადერთი უძველესი სანელებლის, რომელიც ევროპას ანტიკური ეპოქიდან მოჰყვება. ხარჩოში პირველს მეორე ჯობნის. თუ ამ ორი გემოს შერკინებაში მოკავშირეს ეძებ, მოუხმე ელარჯს - მცენარეული და ცხოველური საკვების გამაოგნებელ, უსამანო სინთეზს; მეგრელებთან ვერასოდეს გაიგებ, სულგუნი განლეულა ღომში თუ ღომი გაჯდომია სულგუნს. ეგ არის, ელარჯს ერთ ულუფას ვერ მოგიტანენ - სულ ცოტა, ორი უნდა შეუკვეთო. ერთის მომზადებას ტექნოლოგიურად ვერ აუდიან.

მოულოდნელად კარგია მეგრული კუპატი, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ.

მეგრელებს კულინარიაში თეთრისა და მწვანის მეზობლობა უყვართ: სულგუნს ორიოდ ღერი მწვანილი ადევს, გებჟალია - კამით არის შეკმაზული. გებჟალიაში სულგუნის სქელ, დახვეულ ფურცლებს უკვე აღარ უწევთ სისოვლის მალვა: აქ ყველის მუსიკა არანჟირებულია, რაღაცნაირად გაწყლოვანებული. გებჟალიას დაჰკრავს კანონიკური სიმჟავე, რისთვისაც სულგუნი არ გემეტება. შენ ხომ მას სხვანაირს იცნობდი.

...ჰო, ვაკე-საბურთალოზე, მეგრელებში, რიყისაგან განსხვავებით, სულგუნის ნაჭრები ოდნავ უფრო თხელია, ოდნავ უფრო პატარა და ოდნავ უფრო მშრალი.

Wednesday, July 29, 2009

სტალინი – მუზეუმში!

დღეს ცხოველი მონაწილეობა მოვიღე ერთი ტექსტის შექმნაში, რომლის მიზანიცაა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ სტალინის ძეგლი გასატანია გორის ცენტრიდან ანუ საქართველოს გეოგრაფიული შუაგულიდან. აი, ეს ტექსტიც:

შეხსენება და მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ახლოვდება ერთი წლისთავი იმ დღიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ საქართველოს.

ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო.

გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი – ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება – მუზეუმში.

გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება.

თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში – ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინაღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას.

გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი.
მოვიფიქრეთ სლოგანიც: "სტალინი – მუზეუმში!"
მედიაში ცოცხალ–მკვდარინ სეზონია. იდეის პრომოცია ცოტა გაჭირდება. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.

Tuesday, July 28, 2009

როგორ "ვხდებოდი" ომბუდსმენი

28 ივლისი დაიწყო ასე:

შხაპისა და წვერის პარსვის დროს ყოველთვის ვუსმენ რადიოს. რადიო "თავისუფლების" დილის პროგრამის დასრულების შემდეგ (რომლის მეორე ნახევარსაც ზოგჯერ თითქმის ნულოვანი ინფორმაციული ღირებულება აქვს), ზუსტად 10–ზე, ოდნავ მარცხნივ ვაცოცებ სიხშირის მოდულაციის კურსორს და ვუსმენ "ფორტუნას" საინფორმაციო გამოშვებას. რადიო ფორტუნა – ყველგან, სადაც საქართველოა – აცხადებს, რომ ხელისუფლების კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე არის დავით პაიჭაძე. ინფორმაციის წყაროს არ ასახელებენ.

ძალიან მალე მირეკავს ორი მეგობარი და იგებს, რომ ზუსტად იმდენი ვიცი ამ ამბის შესახებ, რამდენიც მათ.

მოგვიანებით ვნახულობ გაზეთ "რეზონანსს", რომლის მეორე გვერდი სანახევროდ უკავია წერილს სათაურით, რომ "ხელისუფლება სოზარ სუბარის შემცვლელად დავით პაიჭაძეს ამზადებს" (თან კაი მსუყე შავი შრიფტით). სტატიის ავტორი – რუსიკო მაჩაიძე – ლაპარაკობს სხვა კანდიდატებზეც. ყველა მათგანს კონკრეტული პირი ასახელებს, დავით პაიჭაძეს – კაცი ვერ გაიგებს, ვინ: რაღაც, უპიროვნო ხელისუფლება.

მართლა ვერ ვხვდები, თუ ჟურნალისტს ასეთი რამ უთხრეს თუნდაც წინადღეს, რატომ არ დამირეკა? სამაგიეროდ, ეგრევე მირეკავს რუსთავი–2, მწერს 11 საათსა და 50 წუთზე და 12–საათიან კურიერში უკვე გადის ჩემი კომენტარი, რომ ინფორმაცია, თითქოსდა ხელისუფლება ჩემს კანდიდატურას განიხილავდეს სახალხო დამცველის პოსტზე – არის მხოლოდ და მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ისიც წყაროს მიუთითებლად. ამაზე კომენტარის გაკეთება ნიშნავს გაზეთის შესახებ კომენტარის გაკეთებას.

ამის შემდეგ კიდევე ერთი ზარია – ინტერნეტ ტელევიზიიდან. მათაც ვეუბნები, რომ არავითარი საფუძველი ინფორმაციას არ აქვს და ჩემთან მოსვლა კომენტარის ჩასაწერად არ ღირს დროდ, რომელიც მოსვლაში დაეხარჯებათ. "თუ ვინმე ხელისუფლებაში დაგიდასტურებთ ამ ამბავს, მაშინ მობრძანდით". მიჯერებენ. და არავინ არ მოდის.

მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია თავის სისულელეში. "რეზონანსს" შეეძლო ერთი ზარი გამოეშვა წინადღეს, სამაგიეროდ, მეორე დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ვეღარ გაავრცელებდა ტყუილს. ლაშას (ტუღუშს) – გაზეთის მთავარ რედატორს – მგონია, რომ ეს არ ენაღვლება.

დღე გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდა: მონაწილეობა მივიღე სერიალის "შუა ქალაქში" შესახებ გამართულ მსჯელობაში, მერე წავიყვანე პიკის საათი გია ნოდიასთან (მომეჩვენა, რომ ცოცხალი გადაცემა გამოგვივიდა), გადაცემის შემდეგ ჩემს ყოფილ სტუდენტს, ნიკა ესებუას (once again მადლობას მას) გამოვართვი სამი ფილმი და მათგან ერთს – რამდენი ღირხარ?–ს ვუყურე საღამოს.

ხელისუფლებას კი კარგად ვიცნობ საიმისოდ, რომ დარწმუნებული ვიყო: თუ რამის შეთავაზება მართლა უნდათ, რადიოსა და გაზეთის მეშვეობით არ შეგატყობინებენ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი სახელი "იხვად" გამოიყენეს მედიის მანიპულირებისათვის. წყარო ხომ არ დაარიგებს ჟურნალისტს (თან ისეთს, 10 წელიწადზე მეტი რომაა ამ საქმეში), წადი და რასაც გეუბნები, სხვასთანაც შეამოწმეო?

Monday, July 27, 2009

როგორ შეიქმნა ბლოგი

ჩემი პირველი ნახევარი ემზადება საგზაო მოძრაობის წესებში გამოცდის ჩასაბარებლად. უზის კომპიუტერს და ამუშავებს საკითხებს. ამ დროს ურეკავს ჩემივე Facebook-ელი მეგობარი, რომელიც ამას წინათ გავაცანი რეალურ ცხოვრებაში. გვანცა ჯდება ტელეფონთან და ეტყობა, რომ ვრცლად ილაპარაკებს. მე ვსარგებლობ ამით, ვიკავებ ადგილს კომპიუტერთან და ვქმნი ბლოგს.

ბლოგის დასახელებასა და მისამართში გამჭვირვალედ კოდირებულია ჩემი პროფესიული ნოსტალგია კლასიკური ფილოლოგიისადმი.

თუ ჩათვლით, რომ ბ–ლოგოსზე რაიმე ღირებული აიტვირთება – შემოიარეთ ხოლმე.