Wednesday, October 28, 2009

ღია წერილი ნინია კაკაბაძეს (ივლისი, 2009)

ვიცი, რომ ეს ჟანრი – ღია წერილების – ჯერ კიდევ ადრეულ 90–ანებში მოკვდა. მაგრამ მისი შეღვიძება მაინც საჭიროდ მივიჩნიე.

ცდება ის, ვინც ახლა მოელის, რომ შენ მწვავე საზოგადო საკითხებზე უნდა გელაპარაკო. არა.

რამდენიმე დღის წინ დიეტებზე ნახევრად სალაღობო დისკუსიის დროს დავწერე, რომ ჩვენში მოხდა ხინკლის დესაკრალიზაცია და სტანდარტიზაცია. იტყვით ადგილს თბილისში, სადაც იგავმიუწვდომელი ხინკალი იჭმეოდეს? – ვიკითხე მაშინ და შენ პასუხად მომიპოსტე: კი, დათო, მშრალ ხიდთან, ზახარ ზახარიჩში იჭმევა იგავმიუწვდომელი ხინკალი. მე გწერ ზახარ ზახარიჩის ხინკალზე.

მოგეხსენებათ, ჩამოყალიბდა სტანდარტული თბილისური ხინკლის სტერეოტიპი: მას დაჰკრავს მკრთალი კვამლის ფერი, გარსი თხელია. დახედავ ასეთ ხინკალს და ზომას მოუწონებ – იტყვი, რომ ნორმალურია, დიდია, კარგი ზომისაა. როგორც წესი, შიგნით წვნიანია და სჯობს დებიუტანტი მჭამელი გააფრთხილო, რომ ხელში, ხინკლის სახით, ხელისგულისოდენა სითხიანი ჯამი უჭირავს. გემო – სწორედ ისაა, რაც ასეთი ხინკლის სტანდარტულობას განაპირობებს. ესაა გემო, რომელსაც მივეჩვიეთ. ამ ხინკალზე ენა არ მოგიბრუნდება თქვა, რომ ძალიან მაგარია და თან ვერც დაიწუნებ.

ზახარ ზახარიჩის ხინკალი მოყვითალოა. ყველა სხვა თბილისურ ხინკალზე პატარა და ოდნავ მკვრივი. არ ვიცი, რა იწვევს სიყვითლეს, მაგრამ მადას და სურვილს ეს არ მიანავლებს. ეგ არის, მისი სიმცირე ამძაფრებს ეჭვს მსუბუქად, რადგან ასეთ ხინკალს, ვერ გაიხსენებ, ბოლოს როდის შეხვდი. ხელში აიღებ და ეგრევე გრძნობ, რომ სიმკვრივე სქელი გარსის ბრალია. ცომი სქელია, თითქოს ცოტა ხაოიანიც კი. და უცებ ხვდები, რომ სწორედ ასეთ ხინკალთან შეგიძლია დაიწყო ურთიერთობა, რომელიც კანონიკურია ქართველთათვის: შეეხო მას ჩაწნეხილი ეროტიკით, კბენანარევი ამბორით. შეეხო და მიიღო მეყსეული პასუხი.

პატარა ხინკალი თითქმის სავსეა ხორცით. ხორცი მასში ვერ მოძრაობს, რადგან თითქოს ეჭიდება ხინკლის შიდა უწახნაგო კედლებს. არა, ის არ ლამობს გარსიდან გამოღწევას, რადგან გარსის ოდნავი შემკვრივება საკმარისია ხინკლის შიგნით როგორც ხორცის, ისე წვენის შესაკავებლად. დიახ, მოზრდილი ხინკალი შეიძლება უფრო წვნიანი იყოს, მწვანილი და წიწაკა ეგებ ჭარბად უკეთ ჰქონდეს, მაგრამ ამ ხინკლის თხელი კანი მოწყვლადია კბილთა შეუხებლადაც. დიდი ხინკლის შინაგანი სივრცე დატყვევებულ ხორცს თითქოს სითამამეს ჰმატებს, ისიც ეხეთქება ხოლმე ნატიფ ცომს და არც თუ იშვიათად გამოანგრევს მას. რასაც აუცილებლად მოჰყვება წყლების დაღვრა და დიდი ხინკალი შენს თვალწინ ცარიელდება – სრულად ან ნაწილობრივ. შენ გეგონა, რომ უპირატესობა ხელთ გეპყრა, ახლა კი ის – ხელზე გეწუწება.

მსგავსი არაფერი ხდება ზახარ ზახარიჩის ხინკლის ჭამისას. ხორცმა თავის ადგილი იცის, წვენმა – თავისი. შენ აკონტროლებ შიგთავსის თითოეულ მისხალს და ხინკალს მიირთმევ უდანაკარგოდ. დიახ, ის პატარაა, მაგრამ მთლიანად შენია. მთლიანად შენია მისი გემოც. პატარა ჭიპი აქვს, მაგრამ არც იმდენად, რომ ხელში ვერ დაიჭირო. მეტიც, თუ ხინკლის ჭამის უკვე ნახსენებ კანონიკურ ხერხს შევსებას მოუნდომებ, ხელს არ მოკიდებ და ჭიპში ჩანგალს გაუყრი – ხინკალი გარანტირებულად მთელი დარჩება. აქ ალბათობის კანონი არ მოქმედებს – რამდენიც უნდა შეუკვეთო, არც ერთი არ გასკდება. ხოლო პატარა ჭიპები უხერხულად არ შეავსებენ შენს თეფშს. შეავლებ ასეთ ხინკალს პირველ მზერას – და შენს წინაშე ტიპური მახინჯი იხვის ჭუკია. გედად ის იქცევა შენს პირის ღრუში.

შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მზად ვარ ზახარიჩის ხინკალს სხვა რიგის პოზიტიური ზემოქმედება მივაწერო. თვითონ განსაჯე: ჩვენთან შორიახლო ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალური წყვილი იჯდა. მამრი გამოირჩეოდა მკვეთრად ძალადობრივი დისკურსით, სიძულვილის ენით. ქალი მორჩილად, დაძაბულად და ყურადღებით უსმენდა. მამრი ლაპარაკობდა გაუთავებლად და განუწყვეტლივ. მისი სიტყვები შიგადაშიგ უსიამოდ მჭრიდა ყურს. და ძალიან გვიან აღვიქვი, რომ დადუმდა. ცერად გავხედე. წინ ედგა თეფში, მოფენილი ხინკლის ჭიპებით. ხომ შეიძლება, სწორედ ხინკლით სიმაძღრემ დააცხრო მისი რისხვა თუ გაღიზიანება და მოალბო იგი?

სხვა კერძებზეც შემეძლო მომეწერა: მწვადს ცოტა მშრალად წვავენ, მაგრამ ხორცი აქვთ კარგი. ნიგვზიან კუჭმაჭს მოგართმევენ არა ცივად, არამედ ნელთბილს და არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ ჩვეულებრივ მაგარი ღვიძლი მასში დარბილებულია. შენ გულუბრყვილოდ გგონია, რომ ეს ნიგოზმა და სანელებლებმა გააკეთეს. თითქოს ყოვლად ბანალური კიტრიპამიდორისსალათისაგან ლანგარზე აღარაფერი რჩება – ისე კეთილად შეუზავებიათ იგი. რისკავ და უკვეთავ კუბდარს. და შენთან მოდის სწორი კუბდარი – ცოტა მობრაწულ, თხელ, მაგრამ გამძლე, რბილად ხრაშუნა ცომს ამოფარებული ნაზად აკუწული ხორცი – და არავითარ შემთხვევაში ფარში. ხორცი არ ენანებათ – ის შიგნიდან წვდება კუბდარის ყუას. კარგი, ჰო: ნახევარი სანტიმეტრი აკლდება.

გმადლობთ, ნინია. შენი პოსტი რომ არა, ვინ იცის, როდის ვნახავდი ამ ყველაფერს.

1 comment:

  1. მგონი, ბლოგი უკვე თემატურად (კულინარიულ - გასტრონომიულ - მადისაღმძვრელად) იქცა;)
    ”მედიის კვლევის მეთოდებში” - ბლოგების შესწავლა მომიწევს და თემატურ ბლოგებში ერთ-ერთი თქვენიც შემემატება;))

    ReplyDelete