Friday, August 21, 2009

"მეგრელები" ვაკე–საბურთალოზე


ეს ხალხი ადრე სხვაგან იყო: როცა რიყე რიყეს ჰგავდა და იქაურობა რესტორნებით მოეფინათ, მეგრელებსაც ეკავათ კუთვნილი ადგილი. ყველაზე მკვეთრი, რაც იმ დროიდან მახსოვს, ვიწრო წრეში ორი კარგი ადამიანის ქორწილია, რომელსაც კობა დავითაშვილი თამადობდა. შუა სუფრაზე მოვიდა იუსტიციის მინისტრი და მთელი თავის მასშტაბურობის მიუხედავად ხსოვნიდან დღემდე ვერ წაშალა მეგრელების მთავარი კერძი - სულგუნი.

კერძი არაა მთლად ზუსტი სიტყვა. კერძს მომზადება სჭირდება, რიყის მეგრელები კი მას შოულობდნენ. მაგრამ ერთიც უნდა ითქვას - ასეთ სულგუნს შოულობდნენ მხოლოდ რიყის მეგრელები. მგონია, რომ ამ სულგუნმა გამოატარა ისინი ბოლო ათწლეულში, გადაარჩინა ურბანიზაციის ტკივილებს.

ათი წლის წინათ, ყოფილა, მაშინ ჩემს დღევანდელთან შედარებით ახალი ცოლითურთ გვიან ღამით მივსულვარ რიყის მეგრელებში და რახან სამზარეულო ეკეტებოდათ, კიტრ-პამიდორსა და სულგუნს დავჯერებივარ თითო-ოროლა საინი ცივი კერძით. რით - აღარ მახსოვს. სულგუნი ფარავს მათაც.

ასე სქლად და დაუნანებლად სულგუნს სხვა არავინ ჭრიდა. ნაჭრები სხვადასხვა ზომისა იყო, თან აკლდათ გეომეტრიულ ფიგურათა სრულყოფილება, თეფშზე მათი განლაგების წესრიგსაც უცებ ვერ ჩასწვდებოდი, მაგრამ დამჭრელმაც, მიმრთმევმაც და მჭამელმაც იცოდნენ: მთავარი აქ სხვა რამე იყო - დაჭრილი სულგუნის თეთრი, რძისფერი წვენი. ის თითქოს სისხლად გასდიოდა ყველს. წვენი იყო ნაწილი უბრალოებისა, რომელსაც ქმნიდა იაფი თეფში, დაუდევრობა ჭრისას, სულგუნის მარტივი სილბო და უთანაბრო ნაჭრები.

მაინც მგონია, ეს უფრო თვალისთვის განკუთვნილი სვლა იყო. იმ რძისფერ წვენში არაფერს აწობდი, არც ხვრეპდი, რა გემო ჰქონდა, არ იცი. ის გაემიზნათ სიმსუყის განცდის აღსაძვრელად. ნამდვილი რძე ზედმეტი იქნებოდა იმ სულგუნისთვის. დეზერტირების ბაზარში, ადრე, სულგუნის გამყიდველთა მოკლე რიგში, მეგრელი მესულგუნე ქალები მსუბუქად გადაავლებდნენ ხოლმე ყველთა ზედაპირს მკრთალად შეფერილ წყალს. შედეგად სულგუნი მქრქალ ელვარებას იწყებდა, პრიალებდა, თვალს ახარებდა. და რა თქმა უნდა, სდიოდა შემღვრეული თეთრი ცრემლებიც.

მეგრელების სულგუნის გემოს უცებ ვერ გრძნობ. გემომდე, თუ ყველს წინა კბილებით მოწიწკნი, შენ გაიგებ მის ხმას. მოწიწკნი, რადგან სულგუნის მოკბეჩა არ გამოდის - ნაწილი მთელს ვერ თმობს, უცებ ვერ წყდება, გიძალიანდება და შენც, ბოლოს და ბოლოს, გადაჭრი, გადახერხავ ყველის უწვრილეს ძაფებს. სჯობს, ლუკმა პატარა იყოს. ნუნებთან, ყველზე კბილთა ძლიერი შეხებისას, გესმის ბგერა - რაღაც შუალედური ღრჭიალსა და კრაჭუნს შორის. მაესტროს მიერ სიმზე განზრახ უხეშად გასმული ხემი. რეცეპტორები შორს არიან, პირის ღრუს სიღრმეში, ჯერ არ მუშაობენ და შენ შეცდომით ფიქრობ, რომ სულგუნის ხმა - მისი გემოა. უმაღლესი რანგის კულინარული ირონია - ყურით კი არა, ჯერ პირით შეიგრძნო მუსიკა, რომლითაც სავსეა მეგრელების სულგუნი.

ხიზილალასთან შედარება აქ უზუსტოა. ხიზილალის მარცვლის მიყენება კბილთა უკანა კედელთან და ენის წვერით მისი განგმირვა უწინარესად გემოს განსაღვრელად მიმართული ქმედებაა. ამ ციცქნა ყუმბარის მსკდომობაში გემოს შემდეგ მთავარია შეხების განცდა. აკუსტიკური შემადგენელი თითქმის ნულს უტოლდება.

რიყიდან მოყოლებული, მეგრელებმა დღესაც შეინარჩუნეს ინფანტილურად მინიმალისტური ექსტერიერი, რომელიც არაფრით განსხვავდება ინტერიერისგან: საბჭოთა საბავშვო ბაღების ეზოში მდგარი, ოღონდ გადიდებული სათამაშო ხის სახლები ვაკე-საბურთალოს გზაზე კუპეობასა სწევენ. ჭურჭელი იაფია, სკამები მალე მოირყევა, თუ ცოტას დაუკვირდები, შეამჩნევ, რომ მიმტანს შეუძლია უფრო სუფთადაც ეცვას. მენიუ არსებობს, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან კერძების ნუსხა - მიმტანია თავად. ”ეს მენიუ გვაჩუქეს. ჩვენ ის გვაქვს, რასაც სულ ვაკეთებდით” - დავიჯერე, როცა ეს მითხრეს.

დათო წერედიანი წერს, როგორ ქმნის თუ აყალიბებს პერსონაჟებს ჯემალ ქარჩხაძე: მწერალი მათ შიგნიდან აგებსო. ასეა შემწვარი ღორის მწვადი მეგრელებში - თითქოს შიგნიდან; ალმური თანაბრად მისწვდომია ხორცს საიმისოდ, რომ მისი არც ერთი მისხალი შეუმწვარი ან დამწვარი არ იყოს. აქ ვერსად იგრძნობ სისხლის კვალს, რომელიც, შენი არ ვიცი და, ხორცში მე არ მესალბუნება. გარედან მწვადი მობრაწულ ტონებშია დაფერილი, ისე ჰარმონიულად, რომ ქონს, ხორცსა და იშვიათ ძვალს ფერთა მიხედვით ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ეს მწვადი ნაზია და ცოტა მძიმე - როგორც საქართველო.

განსხვავება დაწერილსა და ზეპირ მენიუს შორის რელევანტურია, მაგრამ არა მტკივნეული, რაკი თუ მეგრელებში მიდიხარ, შენ თანახმა ხარ, ეზიარო სწორედ დაუწერელ, ზეპირ, მოუხელთებელ დროში სათავეაღებულ ტრადიციას და გასინჯო, მაგალითად, ნიგვზიანი ხარჩო. მთავარი სტეროეტიპი, რომელიც ახლავს მეგრულ სამზარეულოს, აქ გიცოცხლდება სრული სისავსით: ცხელ ხარჩოში ხორცი - მესამეხარისხოვანია, რადგან აქ ერთმანეთს ორი გემო შებმია: პოტენციური შხამის ანუ თერმულად დამუშავებული ნიგვზის და წიწაკის, პილპილის, ერთადერთი უძველესი სანელებლის, რომელიც ევროპას ანტიკური ეპოქიდან მოჰყვება. ხარჩოში პირველს მეორე ჯობნის. თუ ამ ორი გემოს შერკინებაში მოკავშირეს ეძებ, მოუხმე ელარჯს - მცენარეული და ცხოველური საკვების გამაოგნებელ, უსამანო სინთეზს; მეგრელებთან ვერასოდეს გაიგებ, სულგუნი განლეულა ღომში თუ ღომი გაჯდომია სულგუნს. ეგ არის, ელარჯს ერთ ულუფას ვერ მოგიტანენ - სულ ცოტა, ორი უნდა შეუკვეთო. ერთის მომზადებას ტექნოლოგიურად ვერ აუდიან.

მოულოდნელად კარგია მეგრული კუპატი, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ.

მეგრელებს კულინარიაში თეთრისა და მწვანის მეზობლობა უყვართ: სულგუნს ორიოდ ღერი მწვანილი ადევს, გებჟალია - კამით არის შეკმაზული. გებჟალიაში სულგუნის სქელ, დახვეულ ფურცლებს უკვე აღარ უწევთ სისოვლის მალვა: აქ ყველის მუსიკა არანჟირებულია, რაღაცნაირად გაწყლოვანებული. გებჟალიას დაჰკრავს კანონიკური სიმჟავე, რისთვისაც სულგუნი არ გემეტება. შენ ხომ მას სხვანაირს იცნობდი.

...ჰო, ვაკე-საბურთალოზე, მეგრელებში, რიყისაგან განსხვავებით, სულგუნის ნაჭრები ოდნავ უფრო თხელია, ოდნავ უფრო პატარა და ოდნავ უფრო მშრალი.

Wednesday, July 29, 2009

სტალინი – მუზეუმში!

დღეს ცხოველი მონაწილეობა მოვიღე ერთი ტექსტის შექმნაში, რომლის მიზანიცაა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ სტალინის ძეგლი გასატანია გორის ცენტრიდან ანუ საქართველოს გეოგრაფიული შუაგულიდან. აი, ეს ტექსტიც:

შეხსენება და მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ახლოვდება ერთი წლისთავი იმ დღიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ საქართველოს.

ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო.

გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი – ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება – მუზეუმში.

გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება.

თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში – ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინაღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას.

გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი.
მოვიფიქრეთ სლოგანიც: "სტალინი – მუზეუმში!"
მედიაში ცოცხალ–მკვდარინ სეზონია. იდეის პრომოცია ცოტა გაჭირდება. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.

Tuesday, July 28, 2009

როგორ "ვხდებოდი" ომბუდსმენი

28 ივლისი დაიწყო ასე:

შხაპისა და წვერის პარსვის დროს ყოველთვის ვუსმენ რადიოს. რადიო "თავისუფლების" დილის პროგრამის დასრულების შემდეგ (რომლის მეორე ნახევარსაც ზოგჯერ თითქმის ნულოვანი ინფორმაციული ღირებულება აქვს), ზუსტად 10–ზე, ოდნავ მარცხნივ ვაცოცებ სიხშირის მოდულაციის კურსორს და ვუსმენ "ფორტუნას" საინფორმაციო გამოშვებას. რადიო ფორტუნა – ყველგან, სადაც საქართველოა – აცხადებს, რომ ხელისუფლების კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე არის დავით პაიჭაძე. ინფორმაციის წყაროს არ ასახელებენ.

ძალიან მალე მირეკავს ორი მეგობარი და იგებს, რომ ზუსტად იმდენი ვიცი ამ ამბის შესახებ, რამდენიც მათ.

მოგვიანებით ვნახულობ გაზეთ "რეზონანსს", რომლის მეორე გვერდი სანახევროდ უკავია წერილს სათაურით, რომ "ხელისუფლება სოზარ სუბარის შემცვლელად დავით პაიჭაძეს ამზადებს" (თან კაი მსუყე შავი შრიფტით). სტატიის ავტორი – რუსიკო მაჩაიძე – ლაპარაკობს სხვა კანდიდატებზეც. ყველა მათგანს კონკრეტული პირი ასახელებს, დავით პაიჭაძეს – კაცი ვერ გაიგებს, ვინ: რაღაც, უპიროვნო ხელისუფლება.

მართლა ვერ ვხვდები, თუ ჟურნალისტს ასეთი რამ უთხრეს თუნდაც წინადღეს, რატომ არ დამირეკა? სამაგიეროდ, ეგრევე მირეკავს რუსთავი–2, მწერს 11 საათსა და 50 წუთზე და 12–საათიან კურიერში უკვე გადის ჩემი კომენტარი, რომ ინფორმაცია, თითქოსდა ხელისუფლება ჩემს კანდიდატურას განიხილავდეს სახალხო დამცველის პოსტზე – არის მხოლოდ და მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ისიც წყაროს მიუთითებლად. ამაზე კომენტარის გაკეთება ნიშნავს გაზეთის შესახებ კომენტარის გაკეთებას.

ამის შემდეგ კიდევე ერთი ზარია – ინტერნეტ ტელევიზიიდან. მათაც ვეუბნები, რომ არავითარი საფუძველი ინფორმაციას არ აქვს და ჩემთან მოსვლა კომენტარის ჩასაწერად არ ღირს დროდ, რომელიც მოსვლაში დაეხარჯებათ. "თუ ვინმე ხელისუფლებაში დაგიდასტურებთ ამ ამბავს, მაშინ მობრძანდით". მიჯერებენ. და არავინ არ მოდის.

მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია თავის სისულელეში. "რეზონანსს" შეეძლო ერთი ზარი გამოეშვა წინადღეს, სამაგიეროდ, მეორე დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ვეღარ გაავრცელებდა ტყუილს. ლაშას (ტუღუშს) – გაზეთის მთავარ რედატორს – მგონია, რომ ეს არ ენაღვლება.

დღე გაცილებით საინტერესოდ გაგრძელდა: მონაწილეობა მივიღე სერიალის "შუა ქალაქში" შესახებ გამართულ მსჯელობაში, მერე წავიყვანე პიკის საათი გია ნოდიასთან (მომეჩვენა, რომ ცოცხალი გადაცემა გამოგვივიდა), გადაცემის შემდეგ ჩემს ყოფილ სტუდენტს, ნიკა ესებუას (once again მადლობას მას) გამოვართვი სამი ფილმი და მათგან ერთს – რამდენი ღირხარ?–ს ვუყურე საღამოს.

ხელისუფლებას კი კარგად ვიცნობ საიმისოდ, რომ დარწმუნებული ვიყო: თუ რამის შეთავაზება მართლა უნდათ, რადიოსა და გაზეთის მეშვეობით არ შეგატყობინებენ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი სახელი "იხვად" გამოიყენეს მედიის მანიპულირებისათვის. წყარო ხომ არ დაარიგებს ჟურნალისტს (თან ისეთს, 10 წელიწადზე მეტი რომაა ამ საქმეში), წადი და რასაც გეუბნები, სხვასთანაც შეამოწმეო?

Monday, July 27, 2009

როგორ შეიქმნა ბლოგი

ჩემი პირველი ნახევარი ემზადება საგზაო მოძრაობის წესებში გამოცდის ჩასაბარებლად. უზის კომპიუტერს და ამუშავებს საკითხებს. ამ დროს ურეკავს ჩემივე Facebook-ელი მეგობარი, რომელიც ამას წინათ გავაცანი რეალურ ცხოვრებაში. გვანცა ჯდება ტელეფონთან და ეტყობა, რომ ვრცლად ილაპარაკებს. მე ვსარგებლობ ამით, ვიკავებ ადგილს კომპიუტერთან და ვქმნი ბლოგს.

ბლოგის დასახელებასა და მისამართში გამჭვირვალედ კოდირებულია ჩემი პროფესიული ნოსტალგია კლასიკური ფილოლოგიისადმი.

თუ ჩათვლით, რომ ბ–ლოგოსზე რაიმე ღირებული აიტვირთება – შემოიარეთ ხოლმე.